ნუნისის წყლის აღმოჩენის შესახებ ლეგენდა არსებობს, რომელიც დიდ ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს უკავშირდება. თურმე დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სიარულით დაღლილი ცხენები, რომელთაც კანი გადატყავებოდათ და წყლულები გასჩენოდათ, ნუნისის წყალში ჩაწოლილან და მალევე გამოჯანმრთელებულან. გახარებულ მეფეს სოფელში მდგარი ტაძრისთვის დიდძალი შესაწირი გაუღია. IX-X საუკუნეებში აგებული ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი დღესაც მოქმედია.
გადმოცემით, ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. როცა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველი მინერალური წყლის დახმარებით მუნისგან იკურნებოდა, მისი გამოყენება თავადაც სცადა და შედეგიც მიიღო. თანდათან წყაროების სამკურნალო თვისებების შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. ნუნისის წყალს საამოსა და მარგებელს უწოდებს XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი.